გვიყვარხარ, პატრიარქო!
კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს",-ამ ფრაზაში საქართველოს არაერთი პატრიარქის ტრაგიკული ბედი ცხადდება.
დღეს საქართველო ეთხოვება ეპოქის შემოქმედს, დიდებულებით დიდებულ სინათლეს, სულიერ ხერხემალს,ეკლესიის ავტოკეფალიისა და ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობისთვის მებრძოლსა და მედროშეს, მუდამ რომ ცდილობდა, საზოგადოებაში გაეღვიძებინა სამყაროს გამამთლიანებლი ძალის რწმენა, სულისკვეთება.
"პაწაწკინტელა" ნათელსაც კი ხედავდა ადამიანში და მის სამყაროსთან დამოკიდებულებას აწესრიგებდა, შინაგანი წონასწორობის უმთავრესი საყრდენის -სიყვარულის გადარჩენისთვის იღვწოდა ნახევარი საუკუნე მიუწვდომელი უბრალოებით.აშენებდა , ქმნიდა, ასწავლიდა, სიცოცხლისუნარიანს ხდიდა ,რასაც ეხებოდა, სული საქმით მეტყველი.
მიუხედავად იმისა ,რომ თანამედროვე საქართველო ხშირად იძლეოდა საბაბს სიმკაცრისა , ამ დროსაც არ ჰკარგავდა მისი ხმა სითბოსა და სიყვარულს, ერის მანკიერებათა დაძლევის გზებს მამობრივი მზრუნველობით ეძებდა.
გულით ატარებდა ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს ,მათი გულწრფელი და უანგარო სამსახური მიაჩნდა თავის უპირველეს მისიად , ფიქრის საგნად, ცხოვრების წესისა და არსებობის ფორმის განმსაზღვრელად.
ღირსების ცოცხალმა ხატმა უმრუდო გზით იარა ნახევარი საუკუნე დროისთვის შეწონილი ღვაწლით .
მიზანი ერთი ჰქონდა, გვეცხოვრა წმინდა ცხოვრებითა და გვევლო მართალი გზით.
გულიც ბევრჯერ ატკინეს, ხან მხილება არ აპატიეს ,ხანაც დუმილი, მადლიერების გამოხატვაც ხშირად ავიწყდებოდათ, საყვედურის -არა.
მაინც ჯიუტად უყვარდა საქართველო ,წავიდა ისე, ერთი საყვედური არ დასცდენია მის მიმართ, მხოლოდ ეს უთხრა:"მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე, სხვამ გააკეთოს უკეთესად".
დღეს სრულიად საქართველო გლოვობს, ცრემლით, მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით, აქამდე ვერ ნათქვამის გამო სინანულით, იმედის, რწმენის ბურჯს ეთხოვება.
ცრემლმორეული გემშვიდობება თქვენი ლოცვა-კურთხევით დაარსებული ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლაც.
გული გწყდებოდათ, არც ერთ მასწავლებელს ჩემთვის თავზე ხელი არ გადაუსვამსო, არ ჩამხუტებიაო...სითბო და სიყვარული აჩვენეთ ბავშვებსო, სთხოვდით მასწავლებლებს.
გპირდებით, თქვენ რომ გინდოდათ თქვენს ბავშვობაში , ისეთი სკოლა ვიქნებით.
გვიყვარხართ, ჩვენო სიყვარულისფერო პატრიარქო.
მადლობელი ვართ ჩვენზე მამობრივი ზრუნვისთვის.
ვინც გიყვარს, ის არსად მიდის, სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში.
ჩვენი სკოლა მუდამ შეინახავს და გაუფრთხილდება თქვენს ხსოვნას.
სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა.